„თბილისობა-2026“: პირველი ლედის პატრონაჟით მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

თამარ ბაგრატიონი
თამარ ბაგრატიონი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
სახალხო დღესასწაული საქართველოს დედაქალაქში 3-4 ოქტომბერს იმართება.
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით თბილისობის ფარგლებში ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დღესასწაული „თბილისობა-2026“ დედაქალაქში წელს 3-4 ოქტომბერს ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. მთავარი ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.
უწყების ინფორმაციით, პირველმა ლედიმ ორბელიანების სასახლის მიმდებარედ წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილ პროდუქციას და მათ საქმიანობას გაეცნო.
„გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავს ქართული წარმოების მხარდაჭერასა და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. თბილისობის ფარგლებში გამართული ღონისძიება ქართული მეწარმეობის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენაში 70-ზე მეტი ქართველი მეწარმეა ჩართული. ადმინისტრაციის ცნობით, მათ თამარ ბაგრატიონს ქართული საქმისა და ქართველი მეწარმეების მიმართ გამოჩენილი მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა 3 და 4 ოქტომბერს ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
პირველად "თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ "საპატიო თბილისელების" დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0