საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია შესაძლოა მოსკოვში ვიზიტით გაემგზავროს - ჯაღმაიძე

© photo: Sputnik / Stringerანდრია ჯაღმაიძე
ანდრია ჯაღმაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2026
გამოწერა
არსებობს უამრავი საკითხი, რაზეც საქართველოს საპატრიარქო ისაუბრებს მოსკოვში ვიზიტის შემთხვევაში, განაცხადა ჯაღმაიძემ
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს.
კითხვები საქართველოს საპატრიარქოს ვიზიტის შესახებ გაჩნდა თბილისში საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ. დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი), ეწვია საპატრიარქოს რეზიდენციას თბილისში. სტუმრებმა შიო III-ს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს. მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
„არ არის გამორიცხული. იცით, რაშია საქმე? ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯიან ადამიანები. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს“, - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს მოწვევა ჯერ არ მიუღია.
„ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ იმას, რომ რაიმე თარიღია შერჩეული და კონკრეტულად სამზადისია ამისთვის დაწყებული, ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი ეკლესია, როდესაც ჩამოდის ან ჩვენ, როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს, თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ამავდროულად, მან არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში გაემგზავროს და აღნიშნა, რომ ეკლესიებს შორის ურთიერთობა პოლიტიკური ვითარების მიუხედავად გრძელდება.
„გასაგებია, ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ, არ მივესალმოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობები“, - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
მისი განმარტებით, არსებობს უამრავი საკითხი, რაზეც საქართველოს საპატრიარქო ისაუბრებს მოსკოვში ვიზიტის შემთხვევაში.
„უამრავი საკითხია. ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, იქ არის ქართული ტაძრები. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელსაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე, რომელზეც მათ თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქ იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში“, - აცხადებს ჯაღმაიძე.
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საპასუხოდ, თბილისმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან და საკანონმდებლო დონეზე ეს ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შენარჩუნებით.
ყველა ახალი ამბავი
0