საქართველოს გზა ევროპისკენ ქრისტიანულ ღირებულებებს ეფუძნება — პრემიერ-მინისტრი

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2026
გამოწერა
კობახიძემ ქართული საზოგადოების სულიერი ერთიანობის შენარჩუნებაში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წვლილს ეპოქალური უწოდა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ იმ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებმაც ევროპული ცივილიზაცია ჩამოაყალიბა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე — „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ქვეყნის გზა.
„სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად და მის ერთ-ერთ უძველეს შემოქმედად აქცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მართლმადიდებლური სარწმუნოების განსაკუთრებულ როლს საქართველოს გამორჩეული იდენტობის საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებაში, ასევე — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი თუ საზოგადო მოღვაწეების წვლილს.
პრემიერი ცალკე შეეხო თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დამსახურებს, რომელსაც „ჭეშმარიტად ეპოქალურია“. კობახიძის თქმით, სწორედ მისმა სულიერმა წინამძღოლობამ განაპირობა ქრისტიანული ფასეულობების ღრმად დამკვიდრება ახლად აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საძირკველში.
„პატრიარქმა, ილია მეორემ დაიცვა და განამტკიცა ერის სულიერი ერთობა და შექმნა ის მყარი ხიდი, რომელიც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობასთან აკავშირებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული ცივილიზაციის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის წინაშე მდგარი თანამედროვე პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპული ცივილიზაციის საფუძვლების არდავიწყება.
„ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობასა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს გზას საერთო ევროპული ოჯახისკენ, ტრადიციების, სულიერი იდენტობისა და მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობის შენარჩუნებით.
„ჩვენი გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ სწორედ იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებმაც თავად ეს დიდი ცივილიზაცია შექმნა. საქართველო მომავალშიც ურყევად გააგრძელებს ამ გზას - შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციებს, სულიერ იდენტობას და მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას“, - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს — მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას — და უცხოელ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ დისკუსია ხელს შეუწყობს საერთო ევროპული მომავლისა და სულიერი ღირებულებების განმტკიცებას.
ყველა ახალი ამბავი
0