პოზიტიური ნაბიჯების იმედი: საპატრიარქოში მოსკოვის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2026
გამოწერა
ორი ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრა დაგროვილი საეკლესიო საკითხების გადაჭრის გზების ძიებას მიეძღვნა.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში საეკლესიო საკითხების გადაჭრის გზების ძიების შესაძლებლობა განიხილებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ისა და მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის შეხვედრაზე, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ
თბილისში საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია, რომელსაც ხელმძღვანელობს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი).
სტუმრებმა შიო III-ს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს. მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
"ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და უდევს საფუძვლად. ამიტომ გზები არის საპოვნელი, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი პრობლემები. ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსთვის", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ორივე მხარემ აღნიშნა გარკვეული შესაძლებლობების არსებობა ორ რეგიონში საეკლესიო ცხოვრების საკითხებზე სამუშაოდ.
"ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული რომ არსებობს გარკვეული რესურსი, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.
ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა ტოვებს იმედს, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება გარკვეული გზების მოძიება ამ მტკივნეული საკითხების გადასაჭრელად.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და გაიხსენეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა და წვლილი. შეხვედრის დასასრულს, ორ ეკლესიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საპასუხოდ, თბილისმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან და საკანონმდებლო დონეზე ეს ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შენარჩუნებით.
ყველა ახალი ამბავი
0