მეტრეველი: ეკლესია - საქართველოსა და რუსეთს შორის ერთ-ერთი ხიდია

© photo: Sputnik / StringerНиколоз Метревели
Николоз Метревели - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2026
გამოწერა
მეტრეველმა საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობას დიალოგის, ურთიერთგაგებისა და ნდობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდი უწოდა
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. დღეს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ეკლესიებს შორის პირდაპირი დიალოგის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, — განუცხადა Sputnik-საქართველოს კავკასიის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა ნიკოლოზ მეტრეველმა.
მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საეკლესიო საგარეო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე — ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი) — თბილისში საპატრიარქოს ეწვია. სტუმრებმა შიო III-ს საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრება მიულოცეს და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა გადასცეს. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აწყდება.

„მივესალმები საქართველოში რუსეთის საპატრიარქოს მაღალი წარმომადგენლების ვიზიტს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან პირდაპირი დიალოგის გაგრძელებას. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ეკლესიებს შორის პირდაპირი დიალოგის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, — აღნიშნა მეტრეველმა.

მისი თქმით, ქართული და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობა უნდა დარჩეს დიალოგის, ურთიერთგაგებისა და ნდობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხიდად.
„რუსეთთან პრობლემების მოგვარება იზოლაციით შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, საჭიროა საუბარი, პირდაპირი კონტაქტები და დიალოგი. რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ასეთი დიალოგის სივრცე არსებობს და მისი გამოყენება აუცილებელია“, - აღნიშნა მეტრეველმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართველ და რუს ხალხებს საუკუნოვანი ისტორიული, კულტურული და სულიერი კავშირები აკავშირებს.
„პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, ამ კავშირების განადგურება არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის“, — ხაზგასმით აღნიშნა მეტრეველმა.
ექსპერტმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა აქტიურად განვითარებას განაგრძობს, რაც ხელს შეუწყობს ქართველ და რუს ხალხებს შორის ურთიერთობაში ამჟამად არსებული რთული საკითხების განხილვას.
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საპასუხოდ, თბილისმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან და საკანონმდებლო დონეზე ეს ტერიტორიები ოკუპირებულად გამოაცხადა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის შენარჩუნებით.
ყველა ახალი ამბავი
0