საქართველო მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
წლევანდელი კონფერენცია საქართველოში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წელს მიეძღვნება.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველო 19-20 ნოემბერს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ V საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებას 20-მდე ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენციის მონაწილეები საქართველოს მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად კონკურენციის პოლიტიკის საკითხებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თანამედროვე პრაქტიკას, ამ მიმართულებებით არსებულ გამოწვევებსა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობებს განიხილავენ.
„ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
ღონისძიების საპატიო მომხსენებელი იქნება ტერესა მორეირა - კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტი და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი პანელური დისკუსიები დაეთმობა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: მომხმარებლის დაცვის გლობალურ ტრანსფორმაციასა და რეგულირების თანამედროვე მიდგომებს; კონკურენციასა და ხელმისაწვდომობას მოწყვლად ბაზრებზე - ფარმაცევტულ და სასურსათო სექტორებში; კონცენტრაციების კონტროლს დინამიკურ ეკონომიკაში; მომხმარებელთა დაცვას ონლაინ ბაზრებზე; კონკურენციის სამართლისა და სექტორული რეგულირების ურთიერთქმედებას; გლობალური ეკონომიკური ტრანსფორმაციის პირობებში კონკურენციის, ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის ბალანსს.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წელს მიეძღვნება.
„1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განვითარებას და შეიქმნა პირველი ანტიმონოპოლიური სამსახური. საიუბილეო თარიღი კონფერენციას დამატებით მნიშვნელობას სძენს და ქმნის შესაძლებლობას, შეფასდეს განვლილი გზა და განისაზღვროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შემდგომი გაძლიერების პრიორიტეტები“,-აღნიშულია ინფორმაციაში.
ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში 2022 წლიდან იმართება. გასულ წელს გამართულ კონფერენციას 18 ქვეყნის დელეგაცია, 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი და 350-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საჯარო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრეებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის დღის წესრიგის განახლების, მომხსენებლებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ccc.gov.ge.
ყველა ახალი ამბავი
0