ფაროსანა ზამთარში სახლებში მიგრაციას იწყებს: როგორია მასთან ბრძოლის მეთოდები

CC BY 2.0 / slgckgc / Bug on the Side of our Houseფაროსანა
ფაროსანა - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური ფაროსანა მოზამთრე ფაზაში გადადის და ტყის მასივებიდან და ნარგავებიდან მიგრაციას საცხოვრებელი სახლებისკენ იწყებს. მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.
კერძოდ, სააგენტოს სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში „კარდაკარის" პრინციპით ადგილობრივებს საკარმიდამო ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.
გამოსაზამთრებლად ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება შესაძლებელია მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციებით, რომლებიც საცხოვრებელი სახლების მახლობლად მშრალ, მზიან ადგილას თავსდება.
ასევე ეფექტურია ე.წ. მოიზიდე და გაანადგურე მეთოდიც - ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად მავნებელი ნადგურდება.
უწყების ცნობით, ზამთრის პერიოდში განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის აზიური ფაროსანას რიცხოვნობისა და ეკონომიკური ზარალის შემცირებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები.
ბრძოლა ფაროსანასთან
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი განსაკუთრებით საშიშია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შემდგომ წლებში მან თხილის, ციტრუსისა და სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
შედეგად, საქართველოს მთავრობამ მავნებლთან საბრძოლველად სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგ და ტერიტორიების ქიმიური დამუშავება.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იქნა აღიარებული. ამჟამად საქართველო თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
ყველა ახალი ამბავი
0