მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები იცვლება

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
ახალი ნორმით, რომელიც ძალაში მომავალი წლის თებერვლიდან შევა, სესხის აღების 25%-იანი ზღვარი 1,5 ათასი ლარის ნაცვლად, 2 ათასი ლარი იქნება
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები გამკაცრდება, ნათქვამია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
საუბარია კოეფიციენტების სისტემაზე, რომელიც სესხის მომსახურების ყოველთვიურ გადასახადის ზღვრის დაწესებას გულისხმობს.
მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 1,5 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 25%-ს, ანუ 375 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 1,5 ათას ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების დაშვებული ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი შემოსავლის 50%, ანუ 750 ლარია.
„ახალი ნორმით, რომელიც ძალაში 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან შევა, სესხის აღების 25%-იანი ზღვარი 1,5 ათასის ნაცვლად 2 ათასი ლარი იქნება, ხოლო 2027 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2,5 ათას ლარამდე გაიზრდება... აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს.
ანგარიშის თანახმად, ფიზიკური პირების სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) ზღვრის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით.
„შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას“, -ნათქვამია ანგარიშში.
ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია.
ყველა ახალი ამბავი
0