3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
2026 წლის 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სწავლების ცენტრმა საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება დასრულდა, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2026 წლის 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ 2 პოლიტიკური სუბიექტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო“ მიიღებს მონაწილეობას.
უწყების მიერ გავრცელებული იფორმაციით, სწავლების ცენტრის ტრენერებმა, სპეციალურად შემუშავებული სატრენინგო პროგრამის ფარგლებში, ჯამში 30 სატრენინგო სესია ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების მიწოდებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ N25 წალკისა და N53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე ოთხი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, ხუთ ეტაპად გაიარეს სწავლება ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით.
N18 ახმეტის, N24 დმანისისა და N25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე სამი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კი, ტრენინგები ოთხ ეტაპად, ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის პროცედურებზე ჩატარდა.
სწავლება პრაქტიკულ კომპონენტებსაც მოიცავდა. ტრენინგების მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინსტრუქტაჟი ამომრჩევლებთან კომუნიკაციისა და ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან თანამშრომლობით საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ასევე განახორციელა წალკის, ვანის, ახმეტის და დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობებისთვის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენების საკითხები, საარჩევნო დავების გადაწყვეტისა და ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმები.
საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.
შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატები 41-ე ნომრად იქნებიან წარდგენილი, ხოლო „ლელო“ - მე-9 ნომრად.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.
არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც თავის ოპონენტებზე მეტ ხმას მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0