პენსიების ყოველწლიური ზრდა გაგრძელდება: ვინ რამდენს მიიღებს?

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
2027 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური პროგრამების დაფინანსება თითქმის 600 მილიონი ლარით იზრდება, ხოლო გასაცემლების ზრდა დათვლილია პროგნოზირებული 5,1%-იანი ინფლაციისა და 7,7%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიების ზრდა 2027 წელშიც გაგრძელდება, ნათქვამია მომავალი წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში.
პროექტის თანახმად, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარი გახდება, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა პენსია კი 665 ლარი გახდება.
70 წლამდე პირთა პენსია კი 20 ლარით გაიზრდება და 390 ლარი იქნება, მაღალმთიან დასახლებებში - 468 ლარი იქნება. ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება 599,5 მლნ ლარით გაიზრდება.
ქვეყანაში პენსიები იზრდება წლიური ინდექსაციის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან - პენსიები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე.
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
2027 წელს პენსიების ზრდა გამოითვალა 5,1%-იანი საშუალო წლიური ინფლაციისა და 7,7%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით.
2026 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარს შეადგენს, მაღალმთიან დასახლებებში - 444 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - 495 ლარს, მაღალმთიან დასახლებებში - 595 ლარს.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0