საქართველოს და უკრაინის ნაკრებების მწვრთნელებმა მატჩი შეაფასეს

© REUTERS Irakli Gedenidzeსაქართველო-უკრაინის მატჩი
საქართველო-უკრაინის მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2026
გამოწერა
მომდევნო მატჩს საქართველო 2 ოქტომბერს, სტუმრად, უნგრეთის წინააღმდეგ „პუშკაშ არენაზე“ გამართავს.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა რამაზ სვანაძემ და ანდრეა მალდერამ ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი შეაფასეს, რომელიც „დინამო არენაზე“ ანგარიშით 0:0 დასრულდა.
მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე შეხვედრის რთულ ხასიათზე გაამახვილეს ყურადღება და აღიარეს, რომ მათ გუნდებს აქვთ ის კომპონენტები, რომლებზეც სამუშაოა.
„დაღლილობამაც იჩინა თავი. პირველ მატჩში მარცხის შემდეგ პოზიტივი გვჭირდებოდა. მეორე ტაიმში მეტოქის ბევრი შეტევა მოედნის ცენტრიდან იწყებოდა, რაც ჩვენთვის სიგნალი იყო. ამიტომ, გარისკვა არ გვინდოდა. ჩვენთვის მთავარი პოზიტიური დინამიკაა. ვფიქრობ, უკრაინასთან ფრე ნორმალური შედეგია და ვეცდებით, მომდევნო მატჩებში ქულები მოვიპოვოთ“, — განაცხადა სვანაძემ.
მწვრთნელმა მატჩის მიწურულს განხორციელებული ცვლილებებიც განმარტა. მისი თქმით, ბოლო 25 წუთის განმავლობაში გუნდი ძალიან დაიღალა და ამიტომაც აქცენტი კონტრშეტევებზე გაკეთდა.
„ზივზივაძეს იმ შემთხვევაში შემოვიყვანდი, ბურთს უფრო მეტად თუ გავაკონტროლებდით. თუმცა, ბოლო წუთებში აქცენტის კონტრშეტევებზე გაკეთება მოგვიწია“, — აღნიშნა სვანაძემ.
მან ასევე განაცხადა გუნდის შეტევითი თამაშის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.
„სისტემა უნდა შეიცვალოს და ჩვენ შეტევა სპონტანურად კი არა, სისტემურად უნდა შევძლოთ. ამ მიმართულებით მომავალში გაუმჯობესებას ვგეგმავთ. დიახ, ჩაკვეტაძისა და კიტეიშვილის გასვლის შემდეგ შეტევაში თამაში გაგვირთულდა. თუმცა, გვყავს სხვა მოთამაშეები, რომლებსაც ამ ხაზის დაბალანსება შეუძლიათ“, — აღნიშნა სვანაძემ.
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს ძირითადებად და სათადარიგოებად არ ყოფს და მოედანზე გასული მოთამაშეების გამოსვლით კმაყოფილია. მან განსაკუთრებით შეაქო მეკარე ანატოლი ტრუბინი, რომელმაც, მისი თქმით, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
„ახლა სასიამოვნო საფიქრალი გაგვიჩნდა — ვინ ჩავაყენოთ კარში: ის თუ რიზნიკი. როდესაც გუნდში ასეთი მაღალი დონის ორი მეკარე გყავს, ეს დიდი ფუფუნებაა“, — აღნიშნა მალდერამ.
ამასთან, უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა აღიარა, რომ გუნდს აქვს კომპონენტები, რომლებზეც სამუშაოა.
„ყველა მატჩს ლამაზად ვერ ჩავატარებთ, ამიტომ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. ცოტა მომენტი შევქმენით. ეს იყო რთული მატჩი — როგორც ტაქტიკურად, ისე ემოციურად. მეტოქის საჯარიმოსთან დიდი სირთულეები გვექმნებოდა“.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა. B2 ჯგუფის მეორე მატჩში უნგრეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ უგოლო ფრე ითამაშეს.
მომდევნო მატჩს საქართველო 2 ოქტომბერს, სტუმრად, უნგრეთის წინააღმდეგ „პუშკაშ არენაზე“ გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0