დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებები შევიდა: განისაზღვრა ჯარიმები და საურავები

© photo: Sputnik / Stringerმშრალ ხიდზე
მშრალ ხიდზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2026
გამოწერა
მიღებული ცვლილებების მთავარი მიზანია საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და საპენსიო ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და დეტალურად განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესებს.
„ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს, რომ საპენსიო სქემის მონაწილეთა კუთვნილი შენატანები მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე დროულად და სრულად აისახოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კანონის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, ხოლო ცალკეული ნორმების ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება.
კერძოდ, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ძალაში შედის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმები, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე რეაგირების განახლებული წესი და „მიუღებელი სარგებლის“ დაკისრების პროცედურები. 2027 წლის 1-ელი ივნისიდან კი ამოქმედდება განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადების, ანუ ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი.
საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს ერთჯერად საშეღავათო ღონისძიებას. კერძოდ, დამსაქმებელი გათავისუფლდება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმისგან, რომელიც 2025 წლის 1-ელი მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირდება, თუ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ საურავს.
ცვლილებების მიხედვით, დაწესდება 10-დღიანი საშეღავათო პერიოდი. კერძოდ, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და შესაბამის მიუღებელ სარგებელს, მისთვის ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება. ამავე ცვლილებებით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დადგინდა, ხოლო ჯარიმის ოდენობა შემცირდა და 300 ლარით განისაზღვრა.
ამოქმედდა საჩივრის წარდგენის ახალი წესიც. დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებსა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს საჩივრის წარდგენა შეუძლიათ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის წარდგენა აჩერებს სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას, თუმცა არ აჩერებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვას. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამასთან სასამართლოსთვის პირდაპირ მიმართვა შესაძლებელია დავის ნებისმიერ ეტაპზე, დავების განხილვის სამსახურისთვის მიმართვამდეც.
უწყების ცნობით, ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელს შეუძლია მოითხოვოს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადება და შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ვალდებულება ეტაპობრივად დაფაროს. მექანიზმი 2027 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება: შეთანხმებას დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე დებს დავების განხილვის სამსახური, ხოლო დებულებით დადგენილ ფარგლებზე მეტი ოდენობის შემთხვევაში - საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო.
გარდა ამისა, ამოქმედდება ელექტრონული შეტყობინების დამატებითი მექანიზმიც. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მათ შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელს მოკლე ტექსტური და სხვა ელექტრონული შეტყობინებით ეცნობება. გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება ელექტრონულ სისტემაში მისი გაცნობისთანავე, თუ ადრესატი მას განთავსებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ გაეცნობა, ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
უწყების ცნობით, მიღებული ცვლილებების მთავარი მიზანია საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვა, საპენსიო ანგარიშებზე კუთვნილი თანხების სრულად ასახვა და საპენსიო ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.
დაგროვებითი პენსია
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 10 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირთა რაოდენობამ 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, 1 მილიონ 769 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35.793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185.189.254 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0