„თბილისობა-2026“-ის აღნიშვნა საქართველოს მთავრობას 3 მილიონი ლარი დაუჯდება

© photo: Sputnik„თბილისობა"
„თბილისობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2026
გამოწერა
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას „თბილისობის“ დღესასწაულისთვის დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 3,1 მლნ-მდე ლარის ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების უფლება მიეცა, ნათქვამია 18 სექტემბერს გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
2026 წელს „თბილისობა“ 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.
მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება აიხსნება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში ჩატარების აუცილებლობით.
აღნიშნულ ლოკაციებზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე, ტრადიციულად, განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი.
გარდა ამისა, მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია.
რაც შეეხება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიას, ღონისძიება 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება. „თბილისობის" სადღესასწაულო პროგრამა დედაქალაქის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0