სასამართლომ მეგის ქარდავასთვის „კასრების საქმეზე“ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

© Tbilisi Court of Appealsთბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2026
გამოწერა
მეგის ქარდავა 11 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს როგორც ბრალდებული
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მსჯავრდებულ მეგის ქარდავას ე.წ. „კასრების საქმეზე“ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ქარდავა 2013 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენთან ახლოს დამარხულ კასრებში ნაპოვნი წამების ვიდეოების საქმეზე უკანონო პატიმრობასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს.
რამდენიმე დღის წინ, 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქარდავა დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 768.107 ლარის მითვისებასა და გაფლანგვაში. მას 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ვერსიით, 2012 წლის 22 მაისს ქარდავამ, რომელსაც მაშინ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას სთხოვა სამხედრო პოლიციის საჭიროებებისთვის „საიდუმლო ხარჯების“მუხლით 330 ათასი ლარი გამოეყო.
მინისტრის თანხმობისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ქარდავას დავალებით, ფული ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და უცხოურ ვალუტაში დააკონვერტირეს. ამის შემდეგ ქარდავამ უკანონოდ მიითვისა 200 ათასი დოლარი.
მანამდე მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 2011 წელს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. კიდევ 3 წელი და 9 თვე ქარდავამ მიიღო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობისთვის. საერთო ჯამში, ის ბრალდებულია 11 სისხლის სამართლის საქმეზე.
ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. 2013 წელს საქართველოს ხელისუფლების თხოვნით ინტერპოლმა ქარდავაზე ძებნა გამოაცხადა. 2021 წლის 11 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ქარდავა დაკავებულია და უკრაინის ხელისუფლებამ მისი საქართველოში ექსტრადიცია განახორციელა.
ყველა ახალი ამბავი
0