ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა – ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს

© Courtesy of Nakrebiრამაზ სვანაძე
რამაზ სვანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
გამოწერა
რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან წაგების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ფრანგმა ვილი სანიოლმა თანამდებობა დატოვა, გუნდს კი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) ავრცელებს.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების პირველი მატჩი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გუშინ გამართა. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წამზე გაშვებული გოლით საქართველო 0:1 დამარცხდა. მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდა.
„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის. მადლობა ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.
სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა57 მატჩი ჩაატარა. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია: 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.
„შეიძლებოდა უკეთესი გადაწყვეტილებები მიმეღო? ცხადია, უკეთესი თამაში ყოველთვის შეიძლება. გვქონდა გარკვეული პრობლემები, სამივე ცენტრალურ მცველს კუნთის პრობლემა შეექმნა, რაც იშვიათი ამბავია. დაცვაში იძულებითმა შეცვლებმა შეტევაში რესურსი მოგვაკლო. შეცდომებს ყველა უშვებს და ალბათ, მეც არ ვარ გამონაკლისი“, - განაცხადა სანიოლმა გუშინდელი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გუნდის კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ ირლანიასთან მარცხისთვის ქომაგებს ბოდიში მოუხადა.
„დღევანდელ მარცხზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ. ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომელიც გვსურდა. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. პირადად მე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოვიყენე, რისთვისაც ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ასეც ხდება, ეს ფეხბურთია, მაგრამ ვეცდები, შემდეგ შეხვედრაში ჩემი შეცდომა გამოვასწორო“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი, გიორგი ადამია შეცვლის.
ყველა ახალი ამბავი
0