მდინარე არაგვზე მაგისტრალის გადაერთება დაიწყო: წყალი 80 ათასამდე აბონენტს შეუწყდა

© photo: Sputnik / Евгений Одиноковონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
გამოწერა
გადაერთების დასრულებისთანავე დაიწყება სისტემის წყლით შევსება, რის შემდეგაც აბონენტებისთვის წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც მანამდე გაავრცელა უწყებამ განცხადება, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო. ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია ახალ მილზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც თბილისის ნაწილსა და მცხეთაში 80 ათასამდე აბონენტს წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება.
„26 სექტემბერს, 03:00 საათზე ცენტრალურ მაგისტრალურ მილში წყლის მიწოდება გეგმის შესაბამისად შეწყდა. სისტემის დაცლის შემდეგ, 06:00 საათზე მოქმედი მაგისტრალის ახალ, უკვე მოწყობილ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს (საბურთალოს, ვაკეს, გლდანს), ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები დღის და ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წარიმართება. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკური ჯგუფი. გეგმის მიხედვით, უშუალო გადაერთების სამუშაოები დაახლოებით 24 საათს გასტანს.
გადაერთების დასრულებისთანავე დაიწყება სისტემის წყლით შევსება, რის შემდეგაც აბონენტებისთვის წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება. წყალმომარაგების სრულად აღდგენა27 სექტემბერს, 15:00 საათამდე იგეგმება.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” კოორდინაციით სამუშაოების მიმდინარეობას უწყვეტ მონიტორინგს უწევს.
ახალი ხიდი 1970-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის პარალელურად შენდება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0