კალაძე: ვილი სანიოლი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2026
გამოწერა
სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია: 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავისი ისტორიითა და წარმატებებით მოვიდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა. ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თანამდებობიდან წასვლას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან წაგების შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ფრანგმა ვილი სანიოლმა თანამდებობა დატოვა. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია: 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.
„მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა- ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება“, - დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.
მერის განცხადებით, დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია.
„მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა. საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს. ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა“, – აღნიშნა კალაძემ.
სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ეროვნულ ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს,რომელიც დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი, გიორგი ადამია შეცვლის.
ყველა ახალი ამბავი
0