სექტად იქცნენ - ირაკლი კობახიძემ პროტესტის მონაწილეები გააკრიტიკა

© State Security Service of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მომიტინგეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და დემონსტრაციების ჩატარების წესები გაამკაცრა.
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეები სექტად იქცნენ და მათი აქციები მარცხისთვისაა განწირული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას მოყვა საპროტესტო აქციები, რომლებიც დღემდე გრძელდება.
„მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ასეთი პროტესტები საქართველოში თავად პროტესტის პროცესის დისკრედიტაციას ახდენს.
„როდესაც გამოდიხარ ყოველდღე და ყოველდღე აჩვენებ საზოგადოებას იმას, რომ ხარ ცოტა, ეს ბუნებრივია არავითარ ლოგიკაში არ ჯდება გარდა ერთისა - მათ აქვთ მიღებული დავალება და მათი დავალება პირველ რიგში სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა. ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამჟამად პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა მიტინგებზე დაკავებულ პირთა გათავისუფლებაა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მომიტინგეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და გაამკაცრა დემონსტრაციების ჩატარების წესები. აღნიშნული ზომები მოიცავს სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირებისა და გზების დაუსაბუთებელი გადაკეტვის აკრძალვას, ასევე — ამ წესების დარღვევისთვის გაზრდილ ჯარიმებსა და სისხლისსამართლებრივ სანქციებს.
ამავდროულად, მომიტინგეები კვლავ იღებენ დემონსტრაციების გამართვის ნებართვებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
ყველა ახალი ამბავი
0