კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიხის მასალა
ხის მასალა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სოფელ ომალოს მიმდებარედ ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა და დაასაწყობა 28 ცალი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი საერთო მოცულობით 12 კუბური მეტრი. ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი.
საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ახმეტის საქმიან ეზოში.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0