ბოჭორიშვილი: მდგრადი მშვიდობა მოითხოვს ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
ბოჭორიშვილმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის და განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი უწოდა
თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მდგრადი მშვიდობის საფუძველია ძლიერი ეროვნული ინსტიტუტები, ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლების პატივისცემა, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეს განცხადება საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა გაეროს მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მისი თქმით, საერთაშორისო მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი აქვს მშვიდობის მშენებლობის პროცესში, თუმცა საერთაშორისო ჩართულობამ არ უნდა ჩაანაცვლოს ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება.
„მდგრადი მშვიდობა მოითხოვს ძლიერ ეროვნულ ინსტიტუტებს, ეროვნულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლების პატივისცემას, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის სუვერენიტეტი და მშვიდობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხებია. მისი თქმით, ქვეყანამ ათწლეულების განმავლობაში საკუთარ თავზე გამოსცადა ომისა და კონფლიქტის შედეგები.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მკაფიო არჩევანი - კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, შერიგება და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი არ არის. სტაბილური გარემო ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, ყურადღება გრძელვადიან განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ინფრასტრუქტურაზე, განათლებასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე გადაიტანონ.
„ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ვიცით, რომ მშვიდობა არის ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საფუძველი,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, რეგიონში უფრო მშვიდობიანი და პროგნოზირებადი გარემო შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციებისთვის, თანამშრომლობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერებისთვის.
„მშვიდობა ჩვენთვის არის არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ განვითარების პრიორიტეტი და ჩვენი ვალდებულება მომავალი თაობების წინაშე,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესის მნიშვნელობაც და ხაზი გაუსვა მის როლს რეგიონული სტაბილურობისა და განვითარების თვალსაზრისით.
ყველა ახალი ამბავი
0