არა მხოლოდ მეზობლები, არამედ სტრატეგიული პარტნიორები - წილოსანი ბაქოში ვიზიტის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerნინო წილოსანი
ნინო წილოსანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
წილოსანი ხელმძღვანელობს საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება - უკვე გაიმართა შეხვედრები მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან
.თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მჭიდრო სტრატ-ეგიული პარტნიორობა თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე „შუა დერეფნის“ აქტიური განვითარების საფუძველს წარმოადგენს, განაცხადა ბაქოში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
წილოსანი ხელმძღვანელობს საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება. უკვე გაიმართა შეხვედრები მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს პარტნიორობის გაღრმავებისა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხები. შეხვედრები ასევე გაიმართა აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის, ასევე მეცნიერებისა და განათლების სამინისტროებში.
„ჩვენ ორი სახელმწიფო არა მხოლოდ მეზობლები ვართ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და, ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად და ძალიან აქტიურად მუშაობს, იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომელმაც შუა დერეფნის საჭიროება კიდევ უფრო გამოკვეთა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, შექმნილმა სიტუაციამ ქვეყნებს მისცა დამატებითი შესაძლებლობები, რომ საკუთარი ეკონომიკისა და განვითარების მიმართულებით ეზრუნათ, ხოლო ერთად პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე მათ საერთო პოზიციებს აძლიერებს.
შუა დერეფანი
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ამის შემდეგ საქართველო შუა დერეფნის განვითარების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა - ქვეყანა ეტაპობრივად ზრდის საკუთარ სატრანზიტო პოტენციალს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
ყველა ახალი ამბავი
0