თბილისის საბავშვო ბაღებში ნოროვირუსის აფეთქება საკვებს არ უკავშირდება - მერის მოადგილე

© Tbilisi Kindergarten Management Agencyსაბავშვო ბაღი თბილისში
საბავშვო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში აიღო.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ნოროვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული და ეს საკვებთან დაკავშირებული ინტოქსიკაცია არ ყოფილა, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო.
„ფაქტია, რომ ეს ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ამ ეტაპზე, საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენც ველოდებით დასრულებას, რომ გავიგოთ კონკრეტულად საიდან მოხდა დაინფიცირება. ჩვენ კარგად გვესმის მშობლებისაც, რადგან ეს თემა ჩვენთვისაც განსაკუთრებით სენსიტიური იყო, სანამ მიზეზი დადგინდებოდა“, - განაცხადა აბულაძემ.
მისი თქმით, ნოროვირუსი გავრცელდა არა მხოლოდ საბავშვო ბაღებში: ნოროვირუსის შემთხვევები მოსახლეობის სხვა ჯგუფებშიც ფიქსირდება.
„აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაინფიცირებულ პაციენტებს შორის, მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა დაინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, მათ შორის აღმზრდელი“, - განაცხადა აბულაძემ.
ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა - ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 502 ნიმუში აიღო. მათგან 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებში კვლევა გრძელდება და კვლევის შედეგები, უწყების ცნობით, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
18 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სურსათის მომწოდებელ კომპანიებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვები და, მათ შორის, ერთი აღმზრდელი მოიწამლნენ.
საბავშვო ბაღებს საკვებ-პროდუქტებით ტენდერის შედეგად შერჩეული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.
ყველა ახალი ამბავი
0