კობახიძე აშშ-ში: რაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს გენმდივანს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე და ალენ ბერსე
ირაკლი კობახიძე და ალენ ბერსე - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2026
გამოწერა
კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა და ყურადღებას დიპლომატიასა და კონფლიქტების მოგვარებაზე გაამახვილებს
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია მიმდინარეობს, რამდენიმე შეხვედრა გამართა.
კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ურთიერთობები ევროპის საბჭოსთან და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
კობახიძემ ხაზი გაუსვა კონსტრუქციული დიალოგისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.
„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება“, – დაწერა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, ორგანიზაციის როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის – „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მნიშვნელობას.
გარდა ამისა, პრემიერმა მონაწილეობა მიიღო დახურული ფორმატის თემატურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის ორგანიზებით გაიმართა.
ლიდერებმა კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.
„მაღალი დონის პანელზე, სახელწოდებით „მშვიდობის დაპირების განმტკიცება ჩვენს ხელთ არსებული ძალის გამოყენებით“ მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
რაზე ისაუბრებს პრემიერი გენასამბლეაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა. როგორც ლევან ჟორჟლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას შეეხება დიპლომატიის, შერიგების და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებს.
„პრემიერ-მინისტრი შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული თანასწორობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც არის ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა აპირებს რომ განავითაროს, განსაკუთრებით დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.
ყველა ახალი ამბავი
0