ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა მისი საფლავის გახსნის შემდეგ - 3 წელში დაიწყება

© Ministry of Internal Affairs of Georgiaილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2026
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. წმინდა სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა შეიძლება 3 წლის შემდეგ დაიწყოს, როცა ეკლესიური ტრადიციის მიხედვით, საფლავის გახსნის შესაძლებლობა იქნება, განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. პატრიარქი სიონის ტაძარში დაკრძალეს. ახალი პატრიარქი შიო III გახდა.
ჯერ კიდევ მარტში მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა, შესაძლოა, განიხილოს გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხი. მიმდინარე წლის მაისში მიტროპოლიტმა მიმართვალ გაავრცელა, რომელშიც სინოდს მოუწოდა „არ გადადონ" კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წმინდანად შერაცხვა.
„ილია მეორის წმინდანად შერაცხვის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ ყველა ამბობს, რომ უნდა მოვიცადოთ... საერთოდ ტრადიცია ასეთია ეკლესიაში, 3 წელი მაინც უნდა გავიდეს, საფლავი რომ გაიხსნას. ათონის მთაზე 3 წლის მერე ხსნიან ხოლმე საფლავს და ნახავენ, როგორია მისი სხეული, გაიხრწნა თუ არა, შეიძლება ამას გულისხმობენ მოცდაში წმინდა სინოდის წევრები“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
ამასთან, როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, ეკლესიის ისტორიაში წმინდანად დაუყოვნებლივ შერაცხვის მაგალითებიც ყოფილა.
„პირადად ჩემთვის პატრიარქი ილია მეორე წმინდანია და მე მაქვს ამის უფლება, რომ როგორც წმინდანს ნდობა გამოვუცხადო. არავის ვახვევ ჩემს აზრს თავზე. არ მინდა, რომ წმინდა სინოდის წევრებთან მქონდეს რაიმე უთანხმოება და მშვიდად ვაკეთებ ამას, მეორეს მხრივ მჯერა, რომ ჩვენი პატრიარქი წმინდანია და ჩემს ეპარქიაში ამ დამოკიდებულებას გამოვხატავთ მის მიმართ“, - განაცხადა მან.
წესების თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანად შერაცხვის (კანონიზაციის) ძირითადი არსი ისაა, რომ ეკლესია ოფიციალურად აღიარებს და ადასტურებს ადამიანის განსაკუთრებულ სულიერ ღვაწლს. იქმნება სპეციალური საეკლესიო კომისია, რომელიც დეტალურად სწავლობს პიროვნების ცხოვრებას, მოღვაწეობასა და სასწაულებს. შემდგომში მასალები გადაეცემა წმინდა სინოდს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს კანონიზაციის ერთიანი იურიდიული კოდექსი, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა რამდენიმე უმთავრესი პირობა, მათ შორის, მართლმადიდებლური სარწმუნოების უბიწო აღსარება, სახალხო პატივისცემა (თაყვანისცემა), წმინდა ცხოვრება ან მოწამეობრივი სიკვდილი, სასწაულები, უხრწნელი ნაწილები.
სა­ქარ­თვე­ლოს მართლ­მადიდე­ბელი განასხვავებს წმინდანთა სხვა­დასხვა დასებს: წინასწარმეტყველნი, მოციქულები, სწორნი, დიდმოწამენი, მოწამენი, მღვდელმოწამენი, წმ. მამები, მართალნი, ღირსნი, აღმსარებელნი, უვერცხლონი, სალოსნი და ა. შ.
ყველა ახალი ამბავი
0