საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენასთან“ მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი თბილისში
საცობი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2026
გამოწერა
საქართველო პირველ მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებს
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026/2027 წლების უეფას ერთა ლიგის ახალ სეზონს საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, რომელიც, უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 28 სექტემბერს კი საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება.
მერიის ცნობით, 25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, 15:00 საათიდან კი სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.
ასევე 28 სექტემბერს, 09:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან - აკაკი წერეთლის გამზირის ერთ მონაკვეთზე, სლავა მეტრეველის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა შეიზღუდება ვლადიმერ მაიაკოვსკის, დავით ყიფიანისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებზეც.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან.
ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საერთაშორისო მატჩებისთვის სამი ფანჯარა იყო გამოყოფილი - სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი - წელს გუნდებს სექტემბერსა და ოქტომბერში ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევთ, ხუთდღიანი შესვენებით, ხოლო ბოლო ორი ტური ნოემბერში გაიმართება. პლეი-ოფი 2027 წლის მარტის ნაცვლად ივნისში გაიმართება.
მატჩების განრიგი:
25 სექტემბერი, 20:00 – საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია;
28 სექტემბერი, 20:00 – საქართველო – უკრაინა;
2 ოქტომბერი, 22:45 – უნგრეთი – საქართველო;
5 ოქტომბერი, 22:45 – ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო.
2026/2027 წლების უეფას ერთა ლიგა დაკავშირებული იქნება უეფას 2028 წლის ევრო საკვალიფიკაციო ტურნირთან დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ერთა ლიგის შედეგების საფუძველზე, ზოგიერთ გუნდს ექნება მეორე შანსი, რომ პლეი-ოფის მეშვეობით ფინალურ ტურნირში მოხვდეს.
ყველა ახალი ამბავი
0