დეზინფექცია ყოველ 2 საათში: ნოროვირუსის გამო ბაღებში დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა

© Tbilisi Kindergarten Management Agencyსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2026
გამოწერა
17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს.
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, ნათქვამია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 სექტემბერს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში აღსაზღდელთა მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანი მოათავსეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო.
„ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს“, -აღნიშლია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ საააღმზრდელო პროცესს, დასძინეს სააგენტოში.
ნოროვირუსი არის უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 12-48 საათში ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი გულისრევა და ღებინება, დიარეა (კუჭის აშლილობა), კუჭის/მუცლის არეში სპაზმები და ტკივილი, დაბალი სიცხე, შემცივნება და თავისა თუ კუნთების ტკივილი.
18 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და სურსათის მომწოდებელ კომპანიებში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ცნობილი გახდა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მესამე დღეს, თბილისის 20 საბავშვო ბაღში ბავშვები და, მათ შორის, ერთი აღმზრდელი მოიწამლნენ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით მოკვლელვა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.
საბავშვო ბაღებს საკვებ-პროდუქტებით ტენდერის შედეგად შერჩეული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.
ყველა ახალი ამბავი
0