მინისტრის მოადგილე: საქართველოში ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო
სატვირთო - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
ცინცაძის თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც მეტყველებს ადგილობრივი წარმოების ზრდაზე, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
ცინცაძის ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. 2026 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი 63,5%-ით გაიზარდა და 3.286,6 მილიონ დოლარს მიაღწია, ექსპორტის მოცულობა კი 22%-ზე მეტით გაიზარდა და რეკორდული 5.422,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
„მათ შორის იზრდება ის პროდუქცია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანია და საქართველოდან გადის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას", - განაცხადა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიმართულებით მთავრობას არაერთი სახელმწიფო პროგრამა აქვს, რომლებიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პროდუქტიულობის ზრდაზეა ორიენტირებული.
როგორც მან აღნიშნა, აგვისტო საგარეო ვაჭრობის კუთხით რეკორდული თვე იყო: მთლიანი ექსპორტი თითქმის მეოთხედით გაიზარდა და 752,4 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა ადგილობრივი ექსპორტი 60%-ით გაიზარდა და 432,3 მილიონი დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შეფასებისას, ცინცაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ზრდას ნიშნავს.
მისი შეფასებით, ყოველივე ეს, ერთი მხრივ, განაპირობებს იმ შედეგებს, რომლებიც საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით ფიქსირდება, ხოლო მეორე მხრივ – ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდას და საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის შედეგებზე აისახება.
„საქართველოში უკვე მეექვსე წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება და ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომდევნო თვეებსა და წლებში შენარჩუნებული იქნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს ეკონომიკა აქტიურად ვითარდება. მშპ-ის ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%. იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.
ყველა ახალი ამბავი
0