დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerსაფეხბურთო მატჩის ტრანსლაცია
საფეხბურთო მატჩის ტრანსლაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
საქართველო პირველ მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნებით ჩაატარებს
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. დედაენის ბაღში 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, სადაც დიდ ეკრანზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, რომელიც, უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. 28 სექტემბერს კი საქართველო უკრაინას უმასპინძლებს.
„საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომ მაქსიმალური მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება ჩვენს გუნდს. ნაკრები ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, ოთხ შეხვედრას გამართავს. დედაენის ბაღში მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება, რომელიც სტარტს თამაშის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე აიღებს“, - განაცხადა კალაძემ.
აღნიშნულ პერიოდში დედაენის ბაღში პარალელურად ფესტივალი „თბილისური ბაზარი“ გაიმართება, სადაც ათეულობით ქართველი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.
„იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 14:00 საათიდან ტერიტორიაზე განთავსებული სასმლისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, ასევე პატარა გულშემატკივრებისთვის ტრადიციულად ცალკე გამოყოფილ ზონაში საბავშვო-თემატური აქტივობები იგეგმება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საერთაშორისო მატჩებისთვის სამი ფანჯარა იყო გამოყოფილი - სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი - წელს გუნდებს სექტემბერსა და ოქტომბერში ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევთ, ხუთდღიანი შესვენებით, ხოლო ბოლო ორი ტური ნოემბერში გაიმართება. პლეი-ოფი 2027 წლის მარტის ნაცვლად ივნისში გაიმართება.
მატჩების განრიგი:
25 სექტემბერი, 20:00 – საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია;
28 სექტემბერი, 20:00 – საქართველო – უკრაინა;
2 ოქტომბერი, 22:45 – უნგრეთი – საქართველო;
5 ოქტომბერი, 22:45 – ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო.
2026/2027 წლების უეფას ერთა ლიგა დაკავშირებული იქნება უეფას 2028 წლის ევრო საკვალიფიკაციო ტურნირთან დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ერთა ლიგის შედეგების საფუძველზე, ზოგიერთ გუნდს ექნება მეორე შანსი, რომ პლეი-ოფის მეშვეობით ფინალურ ტურნირში მოხვდეს.
ყველა ახალი ამბავი
0