ხარისხი პირველ ადგილზე: საქართველო ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდება

© photo: Sputnik / Stringerრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2026
გამოწერა
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქცენტის ხარისხზე გაკეთება თავად ფერმერებისთვის არის მომგებიანი - კარგი ყურძნის მოყვანა მათ უფრო მეტ მოგებას მოუტანს
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. უპრეცედენტო მოსავლის პირობებში ყურძნის ხარისხი და მაღალი დონის ღვინის წარმოება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მიმდინარე რთველის სეზონზე მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია - ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 26,3 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.
„ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია და, შესაბამისად, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე. ამასთან, ასეთ მიდგომას უფრო მაღალი ეკონომიკური შედეგი უნდა ჰქონდეს თავად მევენახისთვის", - განაცხადა სონღულაშვილმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქცენტის ხარისხზე გაკეთება თავად ფერმერებისთვის არის მომგებიანი: კარგი ყურძნის მოყვანა მათ უფრო მეტ მოგებას მოუტანს, ვიდრე დიდი რაოდენობით და დაბალი ხარისხის მოსავალი.
„მეღვინეობა-მევენახეობის სექტორის განვითარების ახალ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, რაოდენობაზე ორიენტირებული მიდგომა ეტაპობრივად შეიცვალოს ხარისხზე ორიენტირებული წარმოებით, რაც ქართულ ღვინოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება", - განაცხადა სონღულაშვილმა.
როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე რთვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იმ მევენახეების წახალისებაა, რომლებიც სათანადოდ უვლიან ვენახებს, ზომიერად ტვირთავენ ვაზს და შაქრიანობისა და ხარისხის მაღალი მაჩვენებლების მქონე ყურძენს აწარმოებენ.
„როდესაც ასეთი დიდი მოსავალი გვაქვს და ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტები ღვინო და ყურძნისეული სპირტი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოცულობის მოსავალიც შესაბამისად დაბინავდეს. ამასთან, სადაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანია მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა, რადგან ამ მოსავალს დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება", - განაცხადა სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, უხვი ნალექის გამო ვაზს ზოგ შემთხვევაში უჭირს შაქრიანობის შესაბამისი მაჩვენებლის მიღწევა, რის გამოც ზოგიერთ რაიონში მოსავლის აღება ჩვეულებრივზე გვიან დაიწყება. თუმცა, რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და ქვეყანა მზადაა არსებულ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს.
ფასი=ხარისხს
2026 წელს საქართველოში ყურძნის ფასი მის ხარისხზე იქნება დამოკიდებული და სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერებისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვის გარანტი გახდება. 2026 წლის რთველის მიმდინარეობისას ყურძნის იმ ნამეტს, რომელსაც კერძო სექტორი არ შეიძენს, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის.
კონდიციური და დაუზიანებელი „საფერავის", რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარია.
არაკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარს შეადგენს. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული „საფერავის" ფასი კი 0,30 ლარით განისაზღვრა.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარს შეადგენს.
17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარია.
ყურძნის ჩაბარების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „ცხელი ხაზის" ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.
საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება შემოდგომაზე ხდება. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0