პაპუაშვილი: საქართველოსთვის სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ევროკავშირის წევრობა ფასეული არაა

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2026
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ამჟამად საზღვარგარეთიდან პროპაგანდისტული კამპანია კოორდინირებულია სლოგანით „საქართველო ევროკავშირში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე“
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
„ცვლილებებისთვის კოალიციის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში აღფრთოვანება გამოხატა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, რომელმაც, მისი აზრით, „ისტორიული ტრავმების დაძლევა შეძლო“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აფხაზეთის საკითხში ამ მაგალითს მიჰყვეს. მისი თქმით, მსგავსი ტრავმების შენარჩუნება მუშაობს როგორც „ღუზა“, რომელიც ბლოკავს განვითარებას და ხელს უშლის ქვეყნის პროევროპულ მოძრაობას. თავის მომდევნო გამოსვლაში კი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქართველებსა და აფხაზებს მტრები უწოდა.
„ეს არის კამპანიის ნაწილი - საქართველო ევროკავშირში აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე. ეს არის კამპანია, რომელზეც ჩანს, რომ პირდაპირ უცხოეთიდან არის ორკესტრირებული. ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს ეს და ამ მოსინჯვებს შეეშვას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად საზღვარგარეთიდან პროპაგანდისტული კამპანია კოორდინირებულია სლოგანით „საქართველო ევროკავშირში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე“.
ვფიქრობ, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ გია ბარამიძის, მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სიტყვები წამოცდენა არ ყოფილა. ეს კამპანიის ნაწილია და გვარამიამ ისიც კი აღწერა, თუ რა არის მისი მიზანი. მან სრულიად უადგილო პარალელი გაავლო აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის. მან განაცხადა, რომ სომხეთმა შეძლო ყარაბაღის ტრავმის დავიწყება და მისგან გათავისუფლება და რომ აფხაზეთიც ასეთივე ტრავმაა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ იმავეს ეუბნებიან უკრაინასაც — წავიდეს ტერიტორიულ დათმობებზე, რათა ევროპული პერსპექტივა უფრო რეალური გახდეს
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
ყველა ახალი ამბავი
0