„ეს იქნება სკანდალი“: პაპუაშვილი ევროსაბჭოს ოფისის მიერ კანონის შესაძლო დარღვევაზე

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2026
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კავშირის“ მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით მონიტორინგი დაიწყო
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუ ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ღონისძიების ჩასატარებლად გრანტის მიღებაზე ნებართვა არ გაუცია, მაშინ როდესაც ევროპის საბჭოს მედიაოფისმა განაცხადა, რომ გამოყოფილი სახსრები გრანტს არ წარმოადგენდა.
„ჩვენ ვნახეთ პირდაპირ აღიარება, რომ ეს სემინარი არის უცხოეთიდან დაფინანსებული. ვნახეთ მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ მათთვის გრანტის გაცემის ნებართვაზე არავის მიუმართავს და ვნახეთ ევროსაბჭოს მედიის ოფისის განმარტება, რომ ეს გრანტი არ იყო. აბა, რა იყო მაშინ?”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ქართული კანონმდებლობა უცხოური დაფინანსების მიმართ გარკვეულ მოთხოვნებს ითვალისწინებს. ამასთან, სპიკერის თქმით, ხელშეკრულება, რომელიც ფორმალურად გაფორმებულია როგორც მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ თავისი არსით არის გრანტი, უნდა განიხილებოდეს როგორც გრანტი.
„კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება ამაში გახვეული. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ და თუკი წევრ ქვეყანაში ის კანონებს არღვევს, ეს იქნება კატასტროფული სკანდალი ადგილობრივი ოფისისთვის“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა დასძინა, რომ დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს კანონმდებლობის გადახედვა.
„ვნახოთ, რა შედეგები ექნება ამ მოკვლევებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
აუდიტმა შემოწმება დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო მონიტორინგი „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კავშირის“ მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით.
უწყებამ ტელეკომპანია „იმედს“ დაუდასტურა, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის სავარაუდო მიღების ფაქტზე შემოწმებას ფინანსური გამჭვირვალობის დეპარტამენტი ატარებს.
როგორც აუდიტის სამსახურში განაცხადეს, საკითხის ყოველმხრივი შესწავლის მიზნით, უწყება იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0