გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნით განახლებული სარჩელი სასამართლოში დღეს შევა
15:00 21.09.2026 (განახლებულია: 15:29 21.09.2026)

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს შევა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტია, გასულ კვირას კი „გახარია-საქართველოსთვის" დაემატა.
პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის მმართველი ძალის წარმოდგენით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არის ანტიკონსტიტუციური და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში. სარჩელი საჯარო იქნება და ყველამ შეგიძლიათ ნახოთ, დასძინა მან.
„თავიდანვე ჩანდა, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით. 2024 წლის არჩევნებისას კამპანიაც კი იყო- 4-5-9-25, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას... მათ ასევე ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს. ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში... და მხოლოდ მაშინ, რაც 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო, შემოვიდნენ პარლამენტში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, გახარიას პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა შესულიყო პარლამენტში და მიეღო მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად მისი წარსულისა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობისა. თუმცა, ამის ნაცვლად პარტიის წევრებმა კონსტიტუციური წყობისადმი უპატივცემულობა გამოავლინეს და რიგი დესტრუქციული ქმედებები ჩაიდინეს.
როგორც გასულ კვირაში პაპუაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო სარჩელი არ ითვალისწინებს პარლამენტსა და საკრებულოში დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი ეხება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან მის ძალადობრივ შეცვლას“. ამ ნაწილში პარტიებს ედავებიან როგორც ადამიანის უფლებების დარღვევას 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, ისე პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობებს 2012 წლის შემდეგ, როდესაც ისინი ოპოზიციაში აღმოჩდნენ.
მეორე — „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“. მის დასაბუთებაში ჩართულია 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე პარტიების მოწოდებები 2022 წლიდან „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ. გარდა ამისა, პარტიებს ბრალად ედებათ უცხოური ძალის ხელშეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების, რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო მათ წევრებზე გავრცელდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა.