საბავშვო ბაღებში გასტროენტერიტის აფეთქება ნოროვირუსმა გამოიწვია

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღში
საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2026
გამოწერა
თბილისის საბავშვო ბაღებში მასობრივი მოწამვლის შემთხვევის გამო დედაქალაქის 190 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან შვიდი დაიხურა.
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. თბილისის ბაღებში გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდათ და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს - თბილისის საბავშვო ბაღებში მასობრივი მოწამვლის შემთხვევის გამო დედაქალაქის 190 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან შვიდი დაიხურა.
ნოროვირუსი არის უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე გასტროენტერიტს — კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთებას. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 12-48 საათში ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი გულისრევა და ღებინება, დიარეა (კუჭის აშლილობა), კუჭის/მუცლის არეში სპაზმები და ტკივილი, დაბალი სიცხე, შემცივნება და თავისა თუ კუნთების ტკივილი.
უწყების ცნობით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჩაერთო.
„ამ მომენტისთვის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია.
დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს. ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ამასთან, ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა - ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, დაბინძურებული ზედაპირების დამუშავება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გუშინ განაცხადა, თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში 100-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული.
მომხდარ ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სსკ-ის 198-ე მუხლით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ამასთან, მომხდარი ფაქტის მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. სეს-ის ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
წინასწარი მონაცემებით, ინტოქსიკაციის მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო ბაქტერიული ინფექცია, რომელიც აღნიშნული პირების ორგანიზმში საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების საშუალებით მოხვდა. კონკრეტულად თუ რომელმა პროდუქტმა გამოიწვია ინტოქსიკაცია, ეს შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
ყველა ახალი ამბავი
0