სონღულაშვილი: მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების მომსახურების საფასური გაუქმდება

© photo: Sputnik / Stringerღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სერტიფიცირება რჩება სავალდებულო მოთხოვნად, რადგან ხარისხისა და მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქციის უზრუნველყოფა მთავარი ამოცანაა.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
„ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა - 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანია და 10 ლარს შეადგენს.
მინისტრის თქმით, შესაბამისი ცვლილება პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში და მიზნად ისახავს მცირე მეღვინეობების ფინანსურ მხარდაჭერასა და დარგის სტიმულირებას.
„მცირე მარნების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების შედეგად გავითვალისწინეთ არსებული გამოწვევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სერტიფიცირების მომსახურების საფასური მცირე მარნებისთვის არ გავრცელდეს", - განაცხადა სონღულაშვილმა.
მინისტრის თქმით, საფასურის გაუქმება არ ნიშნავს თავად პროცედურის გაუქმებას. ხარისხისა და სტანდარტების კონტროლის მიზნით, მცირე მარნები კვლავ ვალდებული იქნებიან გაიარონ შესაბამისი სერტიფიცირება - მათ შესაბამისი პროცედურების გავლა და პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება მოეთხოვებათ.
„ ვფიქრობთ, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც მცირე მარნების განვითარებას, ისე ქართული ღვინის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით იღებს, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ქართული ღვინო იყოს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი და კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს საერთაშორისო ბაზრებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული და საქართველოშივე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება ხელს უწყობს ალკოჰოლიანი სასმელის მაქსიმალურ კონტროლსა და სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, ასევე საქართველოში ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას.
ახალი წესის თანახმად, ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს.
ყველა ახალი ამბავი
0