დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევის დასრულებას: კალაძე ბაგა-ბაღების საქმეზე

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდათ.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისის ბაგა-ბაღებში მომხდართან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევის დასრულებას, რასაც შესაბამის რეაგირება მოჰყვება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საჯარო ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდათ. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს.
კალაძის განმარტებით, თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მერია პროცესში სრულიად გამჭვირვალეა და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, დასძინა მან.
„პირველ რიგში, მინდა, ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, რადგან მშობელები ვართ და თითოეული ჩვენგანისთვის ბავშვი განსაკუთრებულია. პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ბავშვებზე მზრუნველობა უდიდესი პასუხუსმგებლობაა. დღეს ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ბავშვზეა საუბარი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვებაზე ტენდერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აცხადებს. მუნიციპალიტეტი კი ხელშეკრულებას აფორმებს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან, რომლებიც ვალდებული არიან, პროდუქციის მოწოდების დროს წარმოადგინონ ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები თითოეულ პროდუქტზე.

„2023 წლიდან დავნერგეთ HACCP-ის სტანდარტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მწარმოებლიდან და მომწოდებლიდან დაწყებული ბენეფიციარამდე დასრულებული სრული კონტროლი განხორციელდეს საკვები პროდუქტების. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება თუ არ გვაქვს შესაბამისი, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები“, - განმარტა კალაძემ.

როგორც მერმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის საჯარო ბაღებში ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, რათა აღსაზრდელების უსაფრთხოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფილიყო.
„დაველოდოთ შედეგებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას. თუ არის ჩვენი მხრიდან რაიმე არასწორად გაკეთებული ან შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, თბილისის შვიდ ბაღში - 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე და 79-ე - სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. ასევე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა რამდენიმე ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ კომპანიებში. სეს-ის ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 198-ე მუხლით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ყველა ახალი ამბავი
0