რუსთველის გამზირის რეაბილიტაცია: თბილისის მერიამ კონტრაქტორი მეხუთედ დააჯარიმა

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2026
გამოწერა
კომპანიამ აიღო ვალდებულება სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში შეასრულოს
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. თბილისის მერიამ მეხუთედ დააჯარიმა კომპანია, რომელიც რუსთველის გამზირზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, იუწყება ქართული მედია.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.
საუბარია კომპანია Smart Solutions-ზე, რომელიც, როგორც წინა შემთხვევებში, დაჯარიმდა იმის გამო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, როგორც ამას მის მიერ ნაკისრი ვალდებულება ითვალისწინებდა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული 14 სექტემბრით დათარიღებული ჯარიმის წერილიდან ირკვევა, ფულადი სანქციის ოდენობა კვლავ 1.583 ლარია.
აღნიშნულ საჯარიმო წერილში განმარტებულია, რომ 2026 წლის 13 სექტემბერს (19:51 საათზე) განხორციელებული ინსპექტირების დროს, ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე არსებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.
„სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.8 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან, შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, დაგეკისრათ ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (7.916.674.67 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, 1.583.34 ლარი“, - ნათქვამია წერილში.
ეს რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის რიგით მეხუთე დაჯარიმებაა. აღნიშნული დარღვევისთვის „სმარტ სოლუშენსი“ თბილისის მერიამ 24 და 30 ივლისს, ასევე 11 და 26 აგვისტოსაც დააჯარიმა. ჯარიმის მოცულობა ამ ოთხივე შემთხვევაში ანალოგიურად 1.583 ლარი იყო.
„სმარტ სოლუშენსმა“ გაიმარჯვა რუსთველის გამზირის რეკონსტრუქციის ტენდერში. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, კონტრაქტის საერთო ღირებულება 19,8 მილიონი ლარია.
ტენდერი დაყოფილი იყო სამ ლოტად, რომლებიც მოიცავდა მონაკვეთებს ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე და ჭოველიძის ქუჩიდან „მერანამდე“. „სმარტ სოლუშენსი“ ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, მან წარმოადგინა წინადადება სამუშაოების დასრულებაზე 19,77 მილიონ ლარად.
მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, „სმარტ სოლუშენსი“ ბიზნესმენ ლევან გოგსაძეს ეკუთვნის. კომპანია 2015 წელს დაარსდა. ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაშია“ შეტანილი და ადრე ასრულებდა პროექტებს თბილისის მერიისა და „საქართველოს მელიორაციის კომპანიისთვის“.
ყველა ახალი ამბავი
0