ქვრივიშვილი: ენერგეტიკის სექტორში დაკრედიტება რეკორდულია
20:13 18.09.2026 (განახლებულია: 21:42 18.09.2026)

© Facebook / Giorgi Kvirikashvili
გამოწერა
მიმდინარეობს 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა, რაც, ჯამში, 587 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას მოიცავს.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3,2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის სხვა უწყებების ხელმძღვანელებმა, ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
„2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3,2 მილიარდ ლარს მიაღწია. ეს 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ გენერაციის ზრდა საკმარისი არ არის. ძლიერი ენერგოსისტემისთვის საჭიროა ძლიერი ქსელი - სისტემა, რომელსაც შეუძლია მეტი ენერგიის მიღება, გადაცემა და უსაფრთხოდ მართვა.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამიტომაც მთავრობამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.
„მიმდინარეობს 14 ელექტროგადამცემი ხაზისა და 4 ქვესადგურის მშენებლობა, რაც, ჯამში, 587 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის განვითარებას მოიცავს. ეს არის ენერგეტიკის ის ნაწილი, რომელიც შესაძლოა, საზოგადოებისთვის ნაკლებად თვალსაჩინო იყოს, მაგრამ რეალურად სწორედ აქ წყდება, რამდენად სწრაფად და რამდენად საიმედოდ განვითარდება მთელი სისტემა“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მხოლოდ 2026 წლის განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემა 300 მეგავატზე მეტ ახალ განახლებად სიმძლავრეს მიიღებს.
ეს შედეგი განპირობებულია ახალი ობიექტების ექსპლუატაციაში აქტიური შესვლით: ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სამი ჰესისა და ერთი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, ხოლო წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ ერთი ჰიდრო-, ორი ქარისა და სამი მზის სადგურის მშენებლობის დასრულება.
„ეს დინამიკა გრძელდება. 2027 წელს, 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიციით, ექსპლუატაციაში შევა 12 ელექტროსადგურის პროექტი, რომელთა საერთო სიმძლავრე 70 მეგავატზე მეტია. წელს, ასევე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, დასრულდა 250 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის დაგროვების სისტემების შესყიდვა, რომელთა სამუშაოები 2026 წელს დაიწყება და 2029 წელს დასრულდება“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს სისტემის მდგრად და უსაფრთხო ფუნქციონირებას, ასევე განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის ლიმიტების გაფართოებას.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.