პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველოს აღიქვამს როგორც მორიგ კერძს მენიუში

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2026
გამოწერა
პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს „მეორეხარისხოვან“ მონაწილეებად მიიჩნევს
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ბრიუსელი და მისი მხარდამჭერები საქართველოს აღიქვამენ როგორც მორიგ კერძს მენიუში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
დიპლომატმა გია ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველო ევროკავშირის მენიუში აღარ არის და მას სერიოზულად აღარ განიხილავენ.
„ასე უყურებენ საქართველოს, რომ ჩვენი თავი ლანგრით უნდა მიართვან ევროკავშირის თუ ბრიუსელის ბიუროკრატებს. ეს არ არის წამოცდენა. არის ასეთი გამონათქვამი, „მაგიდასთან თუ არ ზიხარ, ხარ მენიუში" –ანუ, თუ არ ხარ თანასწორი და არ ხარ გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის, მაშინ გადაწყვეტილებებს სხვები მიიღებენ შენს ნაცვლად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკომისრები კანდიდატ ქვეყნებს მეორეხარისხოვან სახელმწიფოებად განიხილავენ და მათ MAGა-სთან (აშშ-ის რესპუბლიკურ მოძრაობასთან) ურთიერთობას ან ტრამპის მხარდაჭერას უკრძალავენ. მანამდე პაპუაშვილმა უკვე გააკრიტიკა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნების MAGA-ს მოძრაობასთან კავშირების შესახებ.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი თავს ჩვენს ბატონებად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად მომწიფებული იმის განსასაზღვრად, თუ ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ. ასევე გაჟღერდა იდეა, რომ ახალი წევრების მიღების შემთხვევაშიც კი, ისინი მეორეხარისხოვანი წევრები იქნებიან, ექნებათ ნაკლები უფლებები, არ ექნებათ ვეტოს უფლება და ასე შემდეგ, ანუ ისინი მენიუში აღმოჩნდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0