ყველა რეკორდი მოიხსნება - კობახიძე 2026 წლის ყურძნის მოსავალზე

© National Wine Agency of Georgiaრთელი 2025
რთელი 2025 - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
მთავრობა ყურძნის მოსავლის აბსოლუტურ რეკორდს ელოდება
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. 2026 წლის ყურძნის მოსავალი რეკორდული იქნება და მისი ჩაბარენა ღვინის ქარხნებში მაღალ დონეზე იქნება ორგანიზებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება.
„წინასწარი პროგნოზით, წელს გვექნება რეკორდული მოსავალი, შარშანდელიც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით დასრულებული, თუმცა წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2026 წელს საქართველოში ყურძნის ფასი მის ხარისხზე იქნება დამოკიდებული და სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერებისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვის გარანტი გახდება. 2026 წლის რთველის მიმდინარეობისას ყურძნის იმ ნამეტს, რომელსაც კერძო სექტორი არ შეიძენს, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის.
კონდიციური და დაუზიანებელი „საფერავის", რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარია.
არაკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარს შეადგენს. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული „საფერავის" ფასი კი 0,30 ლარით განისაზღვრა.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარს შეადგენს.
17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარია.
ყურძნის ჩაბარების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „ცხელი ხაზის" ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.
საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება შემოდგომაზე ხდება. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0