კობახიძე: 2036 წლისთვის გენერაცია 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს

© photo: Sputnik / Виталий Тимкив / გადასვლა მედიაბანკშიქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აპირებს 2,5-ჯერ გაზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე - ამ მიზნის მისაღწევად საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
„საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში... ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ამბიციური გეგმის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს და მისი ეკონომიკის განვითარებაში.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა ქართველ ენერგეტიკოსებს და აღნიშნა, რომ დარგის მიმდინარე წარმატებები მათი პროფესიონალიზმის, საინჟინრო მიღწევების დამსახურებაა. მისი თქმით დღეს მთავრობა მუშაობს არამხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ საქართველოს ენერგეტიკის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაზე, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
პრემიერ-მინისტრმა ინდუსტრიის წარმატების მთავარ გარანტიებად ადამიანური კაპიტალი და თაობათაშორისი უწყვეტობა დაასახელა. მან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს სპეციალისტების მხარდასაჭერად, ასევე რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, ინვესტიციების მოსაზიდად, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის.
„ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში“, - აღნიშნა მან.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,9 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 3,3%-ით მეტი იყო. გამომუშავებულია 13,8 მლრდ კვტ/სთ - 2024 წელთან შედარებით 2,8%-ით ნაკლები.
ყველა ახალი ამბავი
0