რთველი-2026: კახეთში 10 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

© National Wine Agency of Georgiaრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ამ დროისთვის საკმაოდ ხარისხიანი ყურძენი ბარდება, რომელსაც, შესაბამისად, მაღალ ფასად იბარებენ
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. 16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით ამ დროისთვის 10 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება.
რთველის მიმდინარეობის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ისაუბრა.
„რთველი უკვე სრული დატვირთვით მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ნელნელა იკრებს ძალას სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში. კერძო სექტორი აქტიურობს, იბარებს ყურძენს დროულად. რამდენიმე ლოკაციაზე არის გახსნილი სახელმწიფო მიმღები პუნქტები“, - განაცხადა მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება ყურძნის ხარისხზე გაამახვილა.
„ბარდება საკმაოდ ხარისხიანი ყურძენი, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა რომ ჩაბარებულიყოს არაკონდიციური, უხარისხო ყურძენი. შესაბამისად, ძირითადი მასა სწორედ მაღალ ფასში ბარდება. არის რამდენიმე შემთვევა საშუალო ხარისხის მაჩვენებლის, ვფიქრობ რომ მოსახლეობამ კიდევ უფრო უნდა გაამახვილოს ყურადღება ხარისხზე“, - განაცხადა მან.
2026 წელს საქართველოში ყურძნის ფასი მის ხარისხზე იქნება დამოკიდებული და სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერებისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვის გარანტი გახდება. 2026 წლის რთველის მიმდინარეობისას ყურძნის იმ ნამეტს, რომელსაც კერძო სექტორი არ შეიძენს, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის.
სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ყურძნის ღირებულების კორექტირება მთავრობის 4 აგვისტოს დადგენილებით არის გათვალისწინებული - შესასყიდი ფასები შაქრიანობის შემცველობის მიხედვით განiსაზღვრა.
კონდიციური და დაუზიანებელი „საფერავის", რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარია. არაკონდიციური „საფერავის" შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარს შეადგენს. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული „საფერავის" ფასი კი 0,30 ლარით განისაზღვრა.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარს შეადგენს. 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარია.
ყურძნის ჩაბარების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „ცხელი ხაზის" ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.
საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება შემოდგომაზე ხდება. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0