„სითი მოლთან“ მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა

© photo : Ia Sumbulashvili / FBსავაჭრო ცენტრი City Mall
სავაჭრო ცენტრი City Mall - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
თბილისის მერის განცხადებით, უახლოეს დღეებში გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდება, რის შემდეგაც მუნიციპალური სამსახურები სატრანსპორტო ნაკადების მონიტორინგს გააგრძელებენ.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი-საბურთალოსთან“ მიმდინარე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის თქმით, უახლოეს დღეებში გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდება, რის შემდეგაც მუნიციპალური სამსახურები სატრანსპორტო ნაკადების მონიტორინგს გააგრძელებენ.
„ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების გადაადგილებას კვლავ დააკვირდებიან და თუ კიდევ რაიმე სახის ჩარევა იქნება ჩვენი მხრიდან საჭირო, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მერიის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მუდმივად აკვირდებიან დედაქალაქში არებულ სიტუაციას, მოძრაობის ნაკადებს, პრობლემურ მონაკვეეთებს, რათა მაქსიმალურად შეამსუბუქოს მერიამ ის გამოწვევები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით არის.
„ თბილისში ერთ-ერთი ასეთი პრობლემური მონაკვეთია სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც მუდმივად ქაოსური მოძრაობა იყო, შეფერხებით გადაადგილდებოდა როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან „სითი მოლთან“ მისასვლელი ქვეითებისთვის არ იყო მოწესრიგებული, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევდა“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ცვლილების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ორგანიზება და გამიჯვნა, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება.
რა კეთდება „სითი მოლთან"
სექტემბრის დასაწყისში მერიამ საინფორმაციო ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც დეტალურად განმარტა დაგეგმილი ცვლილებები. სქემა ასეთი იქნება:
მეტროს სადგურ „დელისიდან“ „სითი მოლის“ მიმართულებით მოძრაობისას, სავაჭრო ცენტრთან არსებულ მთავარ გზაჯვარედინზე, პირველივე შესახვევში მარცხნივ მოხვევით მოძრაობა შესაძლებელი გახდება როგორც ქავთარაძის ქუჩისკენ, ისე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით.
მეორე შესახვევი განკუთვნილი იქნება იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოლის მიმართულებით გადაადგილდებიან.
მეტროს სადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მხრიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება „სითი მოლთან“ პირველივე შესახვევში მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალებები მარცხნივ მოხვევით ყაზბეგის გამზირზე გავლენ. ამ შესახვევიდან ავტომობილები ქავთარაძის ქუჩაზე მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრას.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავხელიძის ქუჩიდან „სითი მოლის“ მიმართულებით ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. თითოეული მიმართულებით შენარჩუნდება ორ-ორი სამანქანო ზოლი.
უწყების ცნობით, „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებულ მოედანზე ეწყობა შუქნიშნით რეგულირებული ქვეითთა გადასასვლელები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაუკავშირდა. მოედანზე საპარკინგე ადგილები შენარჩუნდება, განლაგება ახალი სქემის შესაბამისად იცვლება.
ყველა ახალი ამბავი
0