ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები კვლავ გაერთიანდა

© Sputnik / Alexander Imedashviliრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
ორი უწყების ერთ სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხი პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილა.
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთ უწყებად ჩამოყალიბდა, ასევე გაუქმდა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, რომელსაც მამუკა მდინარაძე იკავებდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო. 2026 წლის აგვისტოში მთავრობამ გააჟღერა ინიციატივა რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებისა და მის ნაცვლად რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის შესახებ. თუმცა, საბოლოოდ ამ იდეაზე უარი ითქვა - მიზეზი გახდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა, რომელიც ამ თანამდებობაზე კანდიდატად განიხილებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობამ პარლამენტში ინიცირებული პროექტი უკან გაიწვია..
კანონმდებლებმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და მესამე მოსმენით, 83 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლე ყველა იმ პროექტისა და მიმდინარე ვალდებულებების ნაწილში, რაც დღეს გააჩნია როგორც ერთ, ისე მეორე სამინისტროს. ეს უზრუნველყოფს ყველა პროექტის უწყვეტობას“, - განაცხადა საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.
ცვლილების მიხედვით, ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ შეიქმნება კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეგიონული განვითარების სამინისტროში დასაქმებული პირების საქმიანობის, ფუნქცია-მოვალეობებისა და კვალიფიკაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება, ისინი გადაიყვანონ თუ არა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
კომისია ასევე გადაწყვეტს ტოლფასი თანამდებობის ან პირის მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის საკითხსაც. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ გაივლიან კომისიის შერჩევას, სამსახურიდან გათავისუფლდებიან და მიიღებენ კომპენსაციას.
ყველა ახალი ამბავი
0