„თქვენზე მორგებული უბანი“: თბილისის მერია იდეების კონკურსს აცხადებს

© Tbilisi City Hall კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე
კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
კონკურსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული, განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. „თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ ფარგლებში ცხადდება კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, კონკურსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული.
„ამ საინტერესო პროექტის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. მოგიწოდებთ ყველას აქტრიურობისკენ, მონაწილეობის მიღებისკენ, რომ ერთად გავაუმჯობესოთ კონკრეტული უბნები, არეალები. ჩვენ მოვისმენთ თქვენს იდეებს, ხედვებს და ჩვენი ჩართულობით, კონკრეტული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, საჯარო სივრცეებს.
„კონკურსის მიზანია, მივიღოთ პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები, რომლებიც კონკრეტულ ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს - იქნება ეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირი თუ მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა“, - აღნიშნა კალაძემ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, პირთა ჯგუფს ან ორგანიზაციას. მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად, ჯგუფურად ან ორგანიზაციის სახელით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 31 ოქტომბრამდეა.
კონკურსის ფარგლებში არ განიხილება წინადადებები, რომლებიც მოითხოვს კომპლექსურ ან ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სცდება კონკურსის ვადებს, და ბიუჯეტს, იმეორებს უკვე დაგეგმილ ან დაფინანსებულ ღონისძიებებს.
მერიის ინფორმაციის თანახმად, კონკურსი არ ითვალისწინებს ფულად ჯილდოს.
„გამარჯვებული იდეების ავტორებს ან ავტორთა ჯგუფებს, მათი წვლილის აღიარების მიზნით, გადაეცემათ არაფულადი ჯილდოები“, - ნათქვამია განცხადებაში.
კონკურისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია თბილისის მერიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში.
ყველა ახალი ამბავი
0