გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© State Security Service of Georgiaგრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო - მოსამართლის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდში: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ-ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.
ეპიზოდი პირველი: 2022 წლის ოქტომბერში გრიგოლ ლილუაშვილმა ეკონომიკის მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის მეშვეობით თურქი ინვესტორისგან, ჩაღათაი ულქერისგან ქრთამის სახით 1 მლნ დოლარი აიღო. ქრთამის სანაცვლოდ ლილუაშვილს ლობირება უნდა გაეწია თურქი ინვესტორისთვის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის. [1, 2]
მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვალში, ასევე რომეო მიქაუტაძის შუამავლობით, ლილუაშვილმა კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებლისგან, გიორგი ხაჟალიასგან, ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1,5 მლნ ლარი აიღო.
მესამე ეპიზოდი: ეხება 2021–2023 წლებს, როდესაც საკუთარი ნათესავის (სანდრო ლილუაშვილის) შუამავლობით, ქვეყანაში მოქმედი არალეგალური „ქოლ-ცენტრების" მფარველობისთვის მიიღო დაახლოებით 1,365,000 დოლარი.
მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ამ „ქოლ-ცენტრების“ აბსოლუტური უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებით სხვადასხვა ოპოზიციურ მედიას აფინანსებდა, „ქოლ-ცენტრების" შედარებით მცირე ნაწილის მთავარი მფარველი გრიგოლ ლილუაშვილი იყო.
გამოძიების ცნობით, სწორედ გრიგოლ ლილუაშვილი ახორციელებდა ამ საქმიანობას თავისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, სუს-ის უფროსმა სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით ქრთამის სახით დაახლოებით 1,4 მლნ დოლარი მიიღო.
მეოთხე ეპიზოდი: ლილუაშვილი, საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ქრთამის სანაცვლოდ, მფარველობდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს. ამასთან, თავად გვანცელაძე იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამს სამეწარმეო ორგანიზაციებისგან საბავშვო ბაღებისთვის პროდუქციის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებისას.
ყველა ახალი ამბავი
0