ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხები გაიფლანგა? საქართველოს საპატრიარქოს პასუხი

© photo: Sputnik / Stringerანდრია ჯაღმაიძე
ანდრია ჯაღმაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დახარჯულა - სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
თანხების შესაძლო გაფლანგვის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში, მათ შორის ოპოზიციაში, გამოიწვია საუბრები ცერემონიის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ თანხების შესაძლო არამიზნობრივად გამოყენების შესახებ.
„პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან (ყოფილი კულტურის მინისტრი - რედ.) ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
წამოჭრილი კითხვების ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ხარჯების შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებს, თუმცა, გამორიცხა გაფლანგვის შესაძლებლობა. მისი თქმით, „იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - პატრიარქს მოქალაქეები 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობნენ. ერის სულიერ მამასთან გამოსამშვიდობებლად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო დელეგაცია და სახელმწიფოთა წარმომადგენელი ჩამოვიდა. ახალი პატრიარქი შიო III გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0