იუსტიციის სამინისტრო: ENKA-ს საქმეზე აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო აპირებს აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას - ხელისუფლება წლის ბოლომდე საქმეზე ახალ გადაწყვეტილებებს არ ელოდება.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქულ კომპანია ENKA-ს შორის მიმდინარე დავაზე ძირითადი გადაწყვეტილება პარიზის საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა მიიღოს, აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება კი საბოლოო არ არის, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.
ქართულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ-ის კოლუმბიის საოლქო სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-სთვის კომპენსაციის სახით 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. მათი ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) არბიტრაჟის მიერ 2024 წელს ანალოგიურ საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილება პარიზის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და მისი აღსრულება შეჩერდა, აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, თანხის გადახდის მოთხოვნის საფუძველი გახდეს.
„საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები პარიზში მიმდინარეობს, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე", - განაცხადა ძამაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ის სასამართლო ეხებოდა პროცესუალურ ნაწილს და მისი გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფო ინტერესებს”, - განაცხადა ძამაშვილმა.
ქართული მხარე მოითხოვდა აშშ-ში საქმის განხილვის შეჩერებას საფრანგეთში მიმდინარე დავის დასრულებამდე, სადაც საქართველო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას ცდილობს, თუმცა, ამერიკულმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქართველო ასევე ამტკიცებდა, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მას არ მისცა სათანადო შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი პოზიცია ზარალის ოდენობის განსაზღვრისას.
სასამართლო არ დაეთანხმა ამ არგუმენტს და აღნიშნა, რომ ქართული მხარე თავად მონაწილეობდა სამშენებლო რისკისთვის პრემიის განსაზღვრის პროცედურაში და სადავოდ არ გაუხდია ერთობლივი ექსპერტიზის დასკვნის მომზადება.
ასევე უარყოფილი იქნა საქართველოს პოზიცია იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ეწინააღმდეგება აშშ-ის საჯარო პოლიტიკას.
2024 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) არბიტრაჟმა საქართველოს თურქული კომპანიისთვის 383 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, კომპენსაციის ძირითად თანხას ყოველ მომდევნო კვარტალში პროცენტი ერიცხება. თუმცა, გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო. ამ დროისთვის თანხის ოდენობა 400 მლნ დოლარს აჭარბებს.
სასამართლო დავა საქართველოსთან
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ფორსმაჟორის მიზეზით სახელმწიფოსთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდა.
იმ დროისთვის კომპანია ემზადებოდა „ნამახვანჰესზე" 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად და მოსამზადებელ სამუშაოებში უკვე ჩადებული ჰქონდა 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია.
ENKA-მ მიმართა არბიტრაჟს და განაცხადა, რომ სახელმწიფომ უხეშად დაარღვია საინვესტიციო შეთანხმების პირობები.
სკანდალი „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია იგეგმებოდა. „ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).
„ნამახვანის“ პროექტს ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მხრიდან. 2021 წელს საპროტესტო აქციების ტალღამ საქართველოს ქალაქები მოიცვა და თბილისამდე მოაღწია. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.
2021 წელს ENKA-მ შეწყვიტა ხელშეკრულება და სხვადასხვა დარღვევასა და პროექტის შესრულების შეუძლებლობაზე მიუთითებდა. თურქულმა კომპანია 2022 წელს დაიწყო საარბიტრაჟო დავა, რათა მოეთხოვა კომპენსაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაცემული აქტივების ღირებულებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0