მედია: აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა

© Sputnik / STRINGERაქცია „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ
აქცია „ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გამო კონტრაქტი გაწყვიტა და თურქული კომპანია ENKA-ს მხრიდან სარჩელი მიიღო.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის კოლუმბიის საოლქო სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-სთვის კომპენსაციის სახით 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა, იუწყება ქართული მედია.
კომპანია ENKA-ს საქართველოში „ნამახვანჰესი" უნდა აეშენებინა, თუმცა, პროექტის განხორციელება მოსახლეობის ნაწილის პროტესტის ფონზე ჩაიშალა.
2024 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) არბიტრაჟმა საქართველოს თურქული კომპანიისთვის 383 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, კომპენსაციის ძირითად თანხას ყოველ მომდევნო კვარტალში პროცენტი ერიცხება. თუმცა, გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო.
კომპანია ENKA Renewables-მა აშშ-ის კოლუმბიის საოლქო სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით მიმართა. ENKA-მ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამერიკულ სასამართლოს 2024 წლის დეკემბერში წარუდგინა, რის შემდეგაც სასამართლომ იგი აღსასრულებლად ქვემდებარედ ცნო.
სარჩელის დეტალები
ქართული მხარე მოითხოვდა აშშ-ში საქმის განხილვის შეჩერებას საფრანგეთში მიმდინარე დავის დასრულებამდე, სადაც საქართველო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას ცდილობს, თუმცა, ამერიკულმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქართველო ასევე ამტკიცებდა, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მას არ მისცა სათანადო შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი პოზიცია ზარალის ოდენობის განსაზღვრისას.
სასამართლო არ დაეთანხმა ამ არგუმენტს და აღნიშნა, რომ ქართული მხარე თავად მონაწილეობდა სამშენებლო რისკისთვის პრემიის განსაზღვრის პროცედურაში და სადავოდ არ გაუხდია ერთობლივი ექსპერტიზის დასკვნის მომზადება.
ასევე უარყოფილი იქნა საქართველოს პოზიცია იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ეწინააღმდეგება აშშ-ის საჯარო პოლიტიკას.
სასამართლო დავა საქართველოსთან
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ფორსმაჟორის მიზეზით სახელმწიფოსთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდა.
იმ დროისთვის კომპანია ემზადებოდა „ნამახვანჰესზე" 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად და მოსამზადებელ სამუშაოებში უკვე ჩადებული ჰქონდა 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია.
ENKA-მ მიმართა არბიტრაჟს და განაცხადა, რომ სახელმწიფომ უხეშად დაარღვია საინვესტიციო შეთანხმების პირობები.
სკანდალი „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია იგეგმებოდა. „ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).
„ნამახვანის“ პროექტს ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მხრიდან. 2021 წელს საპროტესტო აქციების ტალღამ საქართველოს ქალაქები მოიცვა და თბილისამდე მოაღწია. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.
2021 წელს ENKA-მ შეწყვიტა ხელშეკრულება და სხვადასხვა დარღვევასა და პროექტის შესრულების შეუძლებლობაზე მიუთითებდა. თურქულმა კომპანია 2022 წელს დაიწყო საარბიტრაჟო დავა, რათა მოეთხოვა კომპენსაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაცემული აქტივების ღირებულებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0