თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს

CC BY-SA 2.0 / storem / The Huntნადირობა
ნადირობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ნადირობის წესები და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა და 2027 წლის 1 მარტს დასრულდება.
ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თელოვანის მიმდებარედ, მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით ნადირობდა. მუხათგვერდის მიმდებარედ გამოვლენილ შემთხვევაში კი მოქალაქე ნადირობისას, გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, აკრძალულ საშუალებას - ფარს (პროჟექტორს) იყენებდა. მას ასევე არ ჰქონდა გადახდილი გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი.
ლისის ტბის, მუხათგვერდისა და დიდი ლილოს მიმდებარედ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის 3 ერთეული აკრძალული საშუალება – ფრინველის მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. „მანოკი“ გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი.
ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.
საქართველო გადამფრენი ფრინველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. საქართველოს გავლით წელიწადში მილიონზე მეტი ფრინველი მოძრაობს.
ყველა ახალი ამბავი
0