ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვარი 100 ათას ლარამდე იზრდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 ათას მოქალაქეს მოეხსნება.
თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. ქონების გადასახადის 40 000 -ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს აღემატება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქონების გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა პირს, რომლის საკუთრებაშიც უძრავი ქონება - მიწა, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, ავტომობილი, ასევე მცურავი და მფრინავი საშუალებებია რეგისტრირებული და რომელთა ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს.
დღეს მოქმედი რეგულაციით, ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 1-ელ ნოემბამდე უნდა წარადგინონ, ხოლო ქონების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა კირცხალიამ.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 ათას მოქალაქეს მოეხსნება. კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და ცვლილებები გადასახდელ თანხებზე უკვე მიმდინარე წელსვე აისახება, დასძინა დეპუტატმა.
მედიაპლატფორმა BMG-ის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28,3 მლნ ლარით მეტია.
ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება.
ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 86,073,555 ლარი;
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 22,303,674 ლარი;
არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 12,406,511 ლარი.
ამჟამად, ქონების გადასახადი ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა წლიური შემოსავალი 40.000 ლარს აღემატება. ფინანსთა სამინისტრომ 2023 წელს გამოაცხადა რეფორმა, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადი აღარ არის დამოკიდებული შემოსავალზე. გარდა ამისა, სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ რეფორმის თანახმად, ქონების გადასახადი იქნება დამოკიდებული კომპანიის ან ფიზიკური პირის ქონების ფართობზე, ხოლო თავად ქონების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ზონებისა და კვადრატული მეტრის ღირებულების მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0